იშემიური ინსულტი

იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი, უფრო ხშირად უვითარდებათ 60 წელზე უფროსი ასაკის მქონე პირებს, რომელთაც ანამნეზსში ქონდათ ათეროსკლეროზული ცვლილებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რევმატიული მანკები, არითმიები, შაქრიანი დიაბეტი.

იშემიური ინსულტი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბების დაცობის , ან ათეროსკლეროზული ფოლაქით შევიწროების შედეგად ვითარდება , რასაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება. ვითარდება ამ უბნის ლოკალური იშემია . ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების  მიწოდების  შეწყვეტის გამო ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება, ხოლო მის გარშემო არსებული უჯრედები განიცდიან “შიმშილს”. დროული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ეს “მოშიმშილე უჯრედები” გადარჩებიან და  განაგრძობენ ფუნქციონირებას , ამდენად დროულ სამედიცინო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ინფარქტის ზონა არ გაიზარდოს, რაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ან ღრმა ინვალიდიზაციის თავიდან აცილების გარანტიაა.

იშემიური ინსულტი ჰემორაგიულზე უფრო ვერაგია . თავდაპირველად იშემიური ინსულტის ნიშნები მკვეთრად არ არის გამოხატული და ნევროლოგიური დეფიციტი ძილის შემდეგ, თანდათანობით, წუთებისა და საათების განმავლობაში ვლინდება.

იშემიური ინსულტის დროს აღინიშნება თავის კუნთების რიგიდობა, როდესაც შეუძლებელია თავის მოხრა ისე, რომ ნიკაპი დაედოს მკერდს, კისრის და ფეხის კუნთების რიგიდობა, როდესაც შეუძლებელია ფეხის აწევა, ფეხის კუნთების დაჭიმულობის გამო.

ინსულტის დარტყმის ქვეშ მოხვედრილი ადამიანი ხშირად მნიშვნელობას არ ანიჭებს დაავადების პირველ ნიშნებს- მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევას, სახის, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას, წამოხურების შეგრძნებას, ოფლიანობას, გაძლიერებულ გულისცემას, პირის სიმშრალეს, მეტყველების მოშლას, თავბრუსხვევას და რამდენიმე საათი ელოდება , სანამ ყველაფერი თავისით გაივლის . შედეგად იკარგება ძვირფასი დრო. გახსოვდეთ, რომ ინსულტზე ეჭვის დროს საჭიროა ძალიან სწრაფად მოქმედება. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

არსებობს ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება, ანუ ტრანზიტორული იშემიური შეტევა. რომელიც განსაკუთრებით საშიშია. იმის მიხედვით , თუ რომელ მხარესაა დაზიანება ვითარდება სისუსტე  ან ხელში, ან ხელსა და ფეხში ერთდროულად. ცალ მხარეს აღინიშნება მეტყველების დარღვევა – აფაზია, მხედველობის ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვა. ეს მოვლენები ქრება რამდენიმე წუთში, ან იშვიათად ერთ საათში, რომელიც დღეღამის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ განმეორდეს. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში კი ექიმს შეიძლება დახვდეს უკვე “ჯანმრთელი” პაციენტი, რომელსაც 10-15 წუთის წინ არ შეეძლო არც მეტყველება და არც კიდურების მოძრაობა. იმის გამო , რომ შეტევის დროს დაავადების კლინიკური გამოვლინება , უმეტესად არ აღინიშნება , პაციენტი არ გადაყავთ საავადმყოფოში და რჩება სახლში, ხოლო დილით იღვიძებს ტოტალური აფაზიითა და ცალმხრივი დამბლით. თავის ტვინის ტრანზიტორული დაზიანების დროს ავადმყოფი, აუცილებლად უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ინსულტი, მაგრამ არის საშიშროება იმისა, რომ ინსულტი განვითარდეს.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დიაგნოზი ადვილი დასასმელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული დამბლა, ცნობიერებისა და მეტყველების დარღვევა. დიაგნოზის დასმა უფრო რთულია როდესაც კლინიკა არ არის მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა ორივე შემთხვევაში  უნდა იყოს ერთი- ჰოსპიტალიზაცია.

About these ads